მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან

ბერგამოს შემოვლის შემდეგ გადავწყვიტეთ მეორე დღეს კომოს ტბა და მის გარშემო თავმოყრილი პატარა სოფლები შემოგვევლო.

ბერგამოს ცენტრალური სადგურიდან უნდა ჩავსულიყავით ქალაქ ლეკოში, სადაც გამოვიცვლიდით მატარებელს და გზას ვარენასკენ გავაგრძელებდით. მგზავრობას ჯამში დაახლოვებით ერთი საათი სჭირდება და ბილეთის ფასი 5 ევროს შეადგენს.

კომოს ტბის გარშემო ბევრი პატარა ქალაქია გაშენებული. მათ შორისაა თვითონ კომო, ლეკო, ვარენა, ბელაჯიო, მენაჯიო და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენ ვარენადან ბელაჯიოში ვაპირებდით გემით გადასვლას, დათვალიერებას და საღამოს იგივე გზით უკან დაბრუნებას.

მილანი – კომოს ტბა – ბელაჯიო

ბელაჯიო იტალია..jpegთუ მილანიდან აპირებთ კომოზე წასვლას, მაშინ რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან შეგიძლიათ პირდაპირ კომოში ჩახვიდეთ (ერთი გზის ბილეთის ფასი 4.8 ევროა), იქიდან კი სასურველ ქალაქში გემით გადახვიდეთ. ბილეთის ფასი დამოკიდებულია დისტანციაზე, თუ რა მანძილის დაფარვას აპირებთ და უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ლინკზე იპოვით. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ მილანიდან მატარებლით პირდაპირ ვარენეში ჩახვალთ, რომლის ფასი დაახლოებით 7-8 ევრო იქნება და იქიდან გემით ბელაჯიოსა და მენაჯიოს მოინახულებთ. ამ სამ პატარა ქალაქს შორის დამაკავშირებელი გემის ერთჯერადი ბილეთი დაახლოებით 4,5 ევრო ღირს და თითქმის ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის. სამივე სოფლის შემოვლა საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ + მატარებლის ორივე გზის ბილეთი – 14 ევრო.

მილანიდან ვარენაში

varena matareblis sadugriდილით ადრე გავიღვიძეთ, რომ დრო არ დაგვეკარგა და მალევე ჩავსულიყავით ვარენეში. ბილეთები სადგურში დამონტაჟებული აპარატებიდან ვიყიდეთ, იქვე მოვნიშნეთ და მატარებელში ავედით. მატარებლის ბილეთები ერთჯერადია, მაგრამ მთელი დღის განმავლობაშია აქტიური. ანუ თუ რეისზე დაიგვიანეთ, იგივე ბილეთით შეგიძლით მომდევნო მატარებელს გაყვეთ (გაითვალისწინეთ: მხოლოდ იმავე დღეს, იმავე მიმართულებით და იმავე კლასით). დაახლოებით 30 წუთში, კომოს ტბის პირას მდებარე პირველ ქალაქში – ლეკოში ვიყავით. წინა საღამოს ლეკოს ფოტოებს გადავავლეთ თვალი გუგლში და დიდად არ დაგვაინტერესა, ამიტომ პირდაპირ ვარენესკენ მიმავალ მატარებელში გადავჯექით, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად ასევე დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა. რკინიგზა ტბის პირას არის გაყვანილი და დიდი ფანჯრებიდან დანახული ალპების პეიზაჟი მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ.

რკინიგზის ძველ სადგურთან ჩამოვედით. ჩვენს უკან მწვანეში ჩაფლულ მთაზე პატარა, ფერადი სახლები იყო შეფენილი და ქარს მხოლოდ ფოთლების შრიალის ხმა მოჰქონდა. ერთადერთი გზა ქვემოთ, ტბისკენ ეშვებოდა და დაახლოებით 10 წუთიანი სეირნობის შემდეგ ჩვენც ნაპირთან ჩამოვედით. ამინდში ძალიან გაგვიმართლა, ლურჯ ტბაზე არეკლილი მზის სხივები იდეალურ გარემოს ქმნიდა ფოტოების გადასაღებად. შორს, დათოვლილ მთებს შორის კი ტბის ზედაპირი ნისლს ჰქონდა მოცული და მასთან ახლოს მოცურავე გემებს ნელ-ნელა აქრობდა ჰორიზონტიდან.

რეგულარული სატრანსპორტო გემების სადგური ფერადი სახლების წინ არის განთავსებული და აუცილებლად მოგხვდებათ თვალში. ფანჯარაზე გამოკრული განრიგი კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ და ნაპირთან გაშენებული ქალაქის ძველი ნაწილის დასათვალირებლად განვაგრძეთ გზა. კლდის პირას მოწყობილი საფეხმავლო ბილიკის ქვეშ ტბის ტალღები ქაფთებოდა, კედლები კი მთლიანად ფერად ყვავილებს ჰქონდა დაფარული. მალე პატარა ყურე გამოჩნდა, ერთ რიგად ჩამწკრივებული ფერადი სახლების წინ პატარა კაფეებია მოწყობილი.

კომოს ტბაზე სეზონი მარტში იხსნება, ამიტომ კაფეების და სასტუმროების უმეტესობა დაკეტილი იყო. არც სოფლის ვიწრო ქუჩები გამოირჩეოდა ხალხმრავლობით, ჩვენს გარდა ალბათ ტურისტების მხოლოდ 3-4 ჯგუფი თუ შევნიშნეთ. არქიტექტურა იტალიისთვის დამახასიათებელია: ფერადი ფასადები, ხის დარაბები, ქვაფენილით გაწყობილი ძალიან ვიწრო საფეხმავლო ქუჩები, პატარა აივნები და თაღები, მომცრო ქანდაკებები და ტრადიციული, ძველებური ქუჩის წარწერები. თითქმის ყველა გასასვლელი ტბის ნაპირთან სრულდება. პატარა ლაბირითში სასეირნოდ 1 საათი გვეყო, ცოტა ხანი ტბის პირას ვისხედით და მზეზე ვთბებოდით, რის შემდეგაც საზღვაო სადგურისკენ გავბრუნდით, დრო იყო ბელაჯიოში გადავსულიყავით.

ბელაჯიო, კომოს ტბა

ბელაჯიო.jpegგემის ბილეთები ადგილზე ვიყიდეთ. ტბის გადაკვეთას დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდა და იდეალური მომენტი იყო ფოტოების გადასაღებად. ვარენას მსგავსად, ბელაჯიოს ნაპირსაც შენობების ფერადი ფასადები მიჰყვება. სურათი იგივეა: მოვლილი და სუფთა ქუჩები, ტბის ნაპირას ჩამწკრივებული მაგიდები, მშვიდი გარემო, პიცერიებიდან გამოსული ჯადოსნური არომატები და მთაზე შეფენილი სახლები, რომლებსაც იდეალურად მოვლილი მწვანე სკვერები ენაცვლებათ.

ბელაჯიო შედარებით დიდია, ნაცვლად 1 საათისა ალბათ 2-3 საათი სჭირდება, რომ მთლიანად შემოიარო და გული იჯერო. სახლებს შორის დარჩენილი გზები იმდენად ვიწროა, რომ პატარა მანქანის გავლის შემთხვევაში, ფეხით მოსიარულეს გიწევს რომელიმე შენობის კარებთან აიტუზო და გზა დაუთმო. ქუჩები სანაპიროს პარალელურად არის ჩამწკრივებული, და ერთმანეთს ტრადიციულად, ქვაფენილით გაწყობილი კიბეებით და საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება.

შუადღისას ერთ-ერთ ადგილობრივ პიცერიაში ვისადილეთ, მაგრამ აქაური ფასები ბევრად მაღალია ბერგამოსთან და მილანთან შედარებით. კომოს ტბა ხომ ჰოლივუდის ვარსკვლავების ერთ-ერთი საყვარელი დასვენების ადგილია. ბევრ მათგანს აქ საკუთარი ვილა აქვს, ჯურჯ ქლუნმა კი საერთოდ, ქორწილიც კომოს ტბაზე გადაიხადა 🙂 ასე რომ, არ გაგიკვირდეთ თუ ყველაფერს ორმაგი ფასი ექნება.

bergamo sagamos 2

შებინდებისას ქალაქი ვინტაჟური სტილის ლამპიონების ყვითელმა შუქმა გაანათა. ამ დროს განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ტბის ნაპირას სეირნობა და მთვარის შუქზე მოციმციმე ტალღების ხმაურში დაკარგვა.

საღამოს საკმაოდ აცივდა, რაც იმას ნიშნავდა რომ დრო იყო უკან, ბერგამოში დავბრუნებულიყავით. 15 წუთში უკვე ვარენაში ვიყავით. ჩვენი რეისის მოსვლამდე რკინიგზის სადგურის შენობაში მდებარე პატარა იტალიურ კაფეში თითო ჭიქა ყავა დავლიეთ კრუასანებთან ერთად. დაახლოებით 5 წუთი რჩებოდა მატარებლის გამოჩენამდე, როდესაც ბაქანზე მდებარე ძველმა ზარმა (სკოლებში როგორებიც ეკიდა) რეკვა დაიწყო. წინ ერთ საათიანი მგზავრობა გველოდა, რომ ბერგამოში დავბრუნებულიყავით 🙂

მატარებლით მოგზაურობა იტალიაში

ზოგადად, იტალიაში მატარებლით მგზავრობისას ნუ ენდობით განრიგის სიზუსტეს. თითქმის ყოველთვის მატარებლები 10-40 წუთით აგვიანებენ, ხშირად საერთოდ უქმდება კიდეც ზოგიერთი რეისი. თუ გადაჯდომა გიწევთ, ეცადეთ ისე იყიდოთ ბილეთები, რომ 20 წუთი მაინც გქონდეთ შუალედი. დაგვიანების შემთხვევაში მოგიწევთ მომდევნო მატარების გასვლას ელოდოთ. როგორც ზემოთ დავწერე, ბილეთები მხოლოდ ერთი მგზავრობისთვისაა, მაგრამ აქტიურია მთელი დღის განმავლობაში. თუ რეისზე დაიგვიანებთ, იგივე ბილეთით შეგიძლიათ მომდევნო მატარებელს გაყვეთ, მაგრამ მხოლოდ იგივე მიმართულებით, იგივე დისტანციაზე, იმავე დღეს და იმავე კლასის მატარებელს (რეგიონალ მატარებლის ბილეთით ექსპრეს მატარებელში ასვლა არ შეიძლება).

 

4 thoughts on “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან

    1. გაარჯობა, მილანიდან ვარენამდე დაახლოებით საათნახევარი უნდა და ლეკომდე 1 საათი.

      Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.