რა ვნახოთ პრაღაში? – ყველაფერი!

ვენადან პრაღაში რეგიოჯეტის მატარებლით წავედით, რომლის ბილეთი დაახლოებით 16 ევრო ღირს და საკმაოდ სასიამოვნო სერვისსაც გთავაზობენ: კომფორტული სავარძლები, დიდი სივრცე, უფასო წყალი, კარგი ხარისხის ინტერნეტი და ახალი ფილმებით სავსე ეკრანები. მგზავრობისთვის განკუთვნილი 4 საათი ისე მალე გავიდა, რომ ვერც კი მივხვდით, როდის შევედით რკინიგზის ცენტრალურ სადგურში. პრაღის უბნები ბლოკებად იყოფა, ძველი ქალაქი მთლიანად “პრაღა1”-ში არის მოქცეული, რომლის გვერდი პრაღა 2 და პრაღა 3 არის განლაგებული. ჩვენი აპარტამენტი, რომელიც ქართველი ბიჭისგან – დავითისგან ვიქირავეთ პრაღა2-ში მდებარეობდა. 20 წუთი დაგვჭირდა, რომ სადგურიდან ჩვენს სახლამდე სეირნობით მივსულიყავით.

e183a0e18394e18392e18398e1839de183afe18394e183a2e18398e183a1-e1839be18390e183a2e18390e183a0e18394e18391e18394e1839ae18398.jpgმოგზაურობის დროს უმეტეს შემთხვევაში გვირჩევნია, რომ ეარბიენბიდან ვიქირაოთ ბინები ან საძინებელი ოთახი, რადგანაც ფასი თითქმის ყოველთვის უფრო დაბალია, ლოკაცია და ოთახის ხარისხი ყოველთვის უკეთესია და რაც მთვარია, მასპინძლები ყოველთვის საუკეთესო რჩევებს გვაძლევენ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ პრაღაში იყო ჩვენი ეარბიენბის საუკეთესო გამოცდილება და დავითი ყველაზე მაგარი მასპინძელი იყო მათ შორის, ვისაც კი აქამდე შევხვედრივართ. თავისუფლად შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო და გირჩიოთ ყველას, რომ პრაღაში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებლად დავითის რომელიმე აპარტამენტში დარჩეთ. ოთახების/ლოკაციების ასარჩევად და დასაჯავშნად შეგიძლიათ ეს ლინკი გამოიყენოთ.

რა ვნახოთ პრაღაში

სახლში მისულებმა ცოტა დავისვენეთ, გუგლის რეიტინგით რამდენიმე რესტორანი ამოვიღეთ მიზანში და ნელ-ნელა მომზადება დავიწყეთ, რომ სასადილოდ გავსულიყავით. ჩვენი სახლიდან 15-20 წუთის  სეირნობა დაგვჭირდა, რომ Wenceslas Square-ზე აღმოვჩენილიყავით და მგონი ეს იყო პირველი მომენტი, როდესაც მივხვდით, რომ პრაღა ჩვენი ახალი N1 სამოგზაურო ადგილი ხდებოდა.

პრაღა მთავარი მოედანიNárodní muzeum-ის წინ გადაშლილი Wenceslas Square ის ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც ალბათ არასდროს არ დამავიწყდება. ფერადი ყვავილებით გაფორმებულ განიერ გამზირს ორივე მხარეს ცენტრალური ევროპისთვის დამახასიათები სტილის მქონე შენობები მიუყვება. გამზირის შუაში, მთელი ქუჩის გაყოლებაზე სხვადასხვა ქანდაკებებით გაფორმებული პარკია მოწყობილი. ყოველ კუთხეში ტრდელნიკისა და ჩეხური სოსისების ჯიხურებთან რიგებად ჩამწკრივებული ტურისტების გუნდები ენაცვლება ერთმანეთს. მათ კი, ვინც უკვე გული იჯერეს ადგილობრივი სამზარეულოთი, ცდილობენ, როგორმე თვალი მოსწყვიტონ შენობების ფასადების სილამაზეს და გზა განაგრძონ, ეს ხომ მხოლოდ თავგადასავალის დასაწყისია და ამ ჯადოსნურ ქალაქში შესასვლელი კარიბჭე ჯერ კიდევ წინაა. უგემრიელესი არომატები გამოდიოდა ტროტუარებზე მოწყობილი კაფეებიდან, სადაც შოპინგით დაღლილი ტურისტები ცდილობდნენ სულის მოთქმას და ჩეხური ლუდით იგრილებდნენ გაზაფხულის მცხუნვარე დღეს.

სულ, სულ ყველა ფოტოს გადაღების შემდეგ გზა ლუდის ბარ “U Tří zlatých lvů“-სკენ განვაგრძეთ. გარდა გუგლის შეფასებებისა ეს ადგილი ჩვენმა რამდენიმე მეგობარმაც გვირჩია და გადავწყვიტეთ, რომ მათი სამზარეულოთი გაგვეხსნა “ჩეხური მარათონი”. სანამ ბარში მივიდოდით, დათოს შემოთავაზებულ სავალუტო ჯიხურში გავიარეთ (სამწუხაროდ არც სახელი მახსოვს და არც მისამართი), სადაც ყველანაირი საკომისიოს გარეშე, საკმაოდ კარგ კურსში დავახურდავეთ თანხა. გახსოვდეთ, სანამ თანხას დაახურდავებთ, მანამდე ყურადღებით მოათვალიერეთ ყველა წარწერა და დარწმუნდით, რომ საკომისიო არ აქვთ, შეგიძლიათ თანამშრომელთანაც გადაამოწმოთ იგივე ინფორმაცია. ამის შემდეგ კურსი შეამოწმეთ ყურადღებით და ისევ თანამშრომელს კითხეთ თუ რამდენს კრონს მოგცემენ თქვენს თანხაში. ხშირია, როდესაც კურსი დამოკიდებულია იმ თანხის ოდენობაზე თუ რამდენსაც ახურდავებთ, ამიტომ ჯობია რომ უშუალოდ სავალუტო ჯიხურის თანამშრომელთან გადაამოწმოთ ყველაფერი და მხოლოდ ამის მერე გაუწოდეთ თანხა დასახურდავებლად.

U Tří zlatých lvů-მა მოლოდინს გადააჭარბა: გემრიელი სადილი, ჩეხური ლუდი, დაბალი ფასები. 🙂 სადილის შემდეგ ძველი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გავედით, სადაც უამრავი ტურისტი ირეოდა ერთმანეთში. აქვეა პრაღის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო – ასტრონომიული საათი, რომლის წინაც ჩინელი ტურისტების გუნდები არ თმობდნენ ასპარეზს. აუცილებლად გირჩევთ, რომ დაიკარგოთ ძველი ქალაქის ვიწრო, ქვაფენილებით გაწყობილ ქუჩებში და შებინდებისას, რომელიმე ლუდის ბარს შეეფაროთ. სახლში გვიან დავბრუნდით, დერეფანში დავითს შევხვდით, რომელიც დაგვპირდა, რომ მეორე დღიდან ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცეებს თვითონ დაგვათვლიერებინებდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიამ ჩეხეთი უბრძოლველად აიღო და მთელი საბრძოლო მოქმედებების დროს პრაღაში არცერთი სრულმაშტაბიანი შეტაკება არ მომხდარა. განსხვავებით სხვა ცენტრალური ევროპის ქალაქებისაგან, პრაღამ შეძლო ომს უვნებლად გადარჩენოდა და სწორედ ამიტომ ქალაქის უდიდესი ნაწილი დღემდე ისტორიული შენობებითაა დაკომპლექტებული.

მეორე დღეს სახლთან ახლოს, ჩეხურ კაფეში ვისაუზმეთ და ძველი ქალაქისკენ ავიღეთ გეზი. თავიდან ჩეხი ხელოვანის და არქიტექტორის –  Černý-ის ქანდაკებები უნდა დაგვეთვალიერებინა ქალაქის გარშემო. გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს.

დავიდ ჩერნი გამოირჩევა მისი ორიგინალური და სპეციფიური ხელწერით, ყოველი მისი ქანდაკების უკან გარკვეული პროტესტის და სტერეოტიპების დამსხვრევის სურვილია. პარაღაში აუცილებელ სანახავ ქანდაკებებს მიეკუთვნება:

  • Piss by Černý, 
  • Horse by Černý, 
  • Babies on Zizkov TV Tower by Černý,
  • Memorial to Franz Kafka by Jaroslav Róna,
  • The Good Soldier Švejk by Jaroslav Hašek,
  • Memorial for the Victims of Communism by Olbram Zoubek, Il Commendatore by Anna Chromy,
  • Iron Man by Ladislav Šaloun,
  • Přemysl and Libuše by Josef Václav Myslbek, Pond by Kurt Gebauer,
  • Permanent Installation at FUTURA Gallery Prague, 
  • Nation for Itself Forever (Narod sobe navzdy), 
  • Two Proposals to Outdoor Metro Tunnel, Embryo (Installation), 
  • Car with Legs (Sculpture),
  • Metalmorphosis,
  • Hanging Out.

e183a2e183a0e18393e1839ae1839d.jpgძველი ქალაქი თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით “ტრდელნიკის” დახლებს და გირჩევთ, რომ აუცილებლად დააგემოვნოთ ეს ადგილობრივი ტკბილეული. ტრდელნიკი  რულეტის ფორმის ტკბილელულია, რომლის შიგთავსი თქვენი გემოვნების მიხედვით შესაძლოა შოკოლადით, ხილით ან თუნდაც ნაყინით ამოავსოთ.

კაფკას მუზეუმთან ქანდაკებების დათვალიერების შემდეგ Charles Bridge-ით გადავკვეთეთ მდინარე ვლტავა და ნაპირის მეორე მხარეს, ქალაქის კიდევ უფრო ძველ ნაწილში – Mala Strana-ში გადავედით. ჩარლის ხიდი, რომელის ორივე მხარე თაღოვანი კოშკურებით მთავრდება და მთელ გაყოლებაზე კათოლიკური სამყაროს ყველა მნიშვნელოვანი ადამიანის ქანდაკებას იტევს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებში.

e183a9e18390e183a0e1839ae18396-e18391e183a0e18398e183afe18398.jpgხალხის სიმრავლის გამო სეირნობაც კი ძნელია, რომ აღარაფერი ვთქვათ მოაჯირთან ფოტოს გადაღებაზე. “Mala Strana” პრაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილია და გირჩევთ, რომ მის ვიწრო და ფერადი ქუჩების ლაბირინთში ყველა კუთხე მოიაროთ. აქვე მდებარე ლენონის კედელთან ფოტოების გადაღებისა და ქალაქის ამ ნაწილის დათვალიერების შემდეგ სადილისთვისაც მოვიცალეთ.

petrin-park.jpgსიესტა Petrin Park-ში მოვიწყვეთ, საიდანაც ამავე პარკის ყველაზე მაღალ გორაზე უნდა ავსულიყავით, რომ Petrin Tower-იდან გადმოგვეხედა მთელ ქალაქზე. კოშკურამდე გრძელი და დამღლელი Petrin-ის კიბეები ადის, მაგრამ ზემოდან დანახული პეიზაჟი ამ დაღლად ნამდვილად ღირდა. Petrin tower-ში შესასვლელი ბილეთი 150 CZK ღირს.  კოშკურიდან Strahov Monastery-თან გადავინაცვლეთ, რომელიც იმავე გორაზე მდებარეობს დაახლოებით 5-10 წუთის სავალზე. მონასტერიდან კი ქვემოთ ქალაქისაკენ დავეშვით. გზაზევე შეხვდებით პრაღაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობით ტაძარს: Church of Our Lady Victorious and The Infant Jesus of Prague. პრაღა 2-ში დაბრუნება Legion bridge-ს გავლით გადავწყვიტეთ, რადგანაც ეს ხიდი პატარა კუნძულზეა გადადებული და გზად ამ კუნძულზე ჩასვლას და ცოტა დასვენებას მოვახერხებდით.

This slideshow requires JavaScript.

საღამოს უკვე სახლში ვისვენებდით, როდესაც დათომ ნამდვილი ჩეხური ლუდის და სოსისების გასასინჯად წასვლა შემოგვთავაზა, რომელზეც უარი ვერცერთმა ვერ ვთქვით. დაახლოებით 20-30 წუთი დაგვჭირდა, რომ Riegrovy sady პარკის ყველაზე მაღალ წერტილე მდაბარე Beer Garden Riegrovy Sady-ში ლუდის რიგში ვმდგარიყავით. საღამოობით ამ პარკიდან შეგიძლიათ დაინახოთ თუ როგორ ჩადის დიდი, წითელი მზე პრაღის ისტორიული შენობების მიღმა და დაისის, მრავალფეროვან ცას გვიტოვებს.

პრაღა castleრაც უფრო ღამდებოდა, მით უფრო ძნელდებოდა ღია ცის ქვეშ განლაგებულ ბარში თავისუფალი მაგიდის პოვნა. ყველა მაგიდასთან ლუდის ბაკლებით შეიარაღებული ჩეხები ისხდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ. მგონი ღამის პირველი საათი იყო როდესაც, Prague Beer Museum-ში გადავინაცვლეთ და იქ გავაგრძელეთ დალევა. ლუდის მოყვარულებისთვის პრაღა ნამდვილი სამოთხეა, ხოლო Prague beer Museum-ს თავისუფლად შემიძლია VIP ოთახი ვუწოდო ლუდის სამოთხეში. თუ ბევრი (მგონი 100ზე მეტი სხვადასხვა ლუდი ჰქონდათ მენიუში, ან ვაჭარბებ :D) სხვადასხვა ლუდის გასინჯვა გინდათ მაშინ ნამდვილად ამ ადგილის უნდა ესტუმროთ.

e1839ae183a3e18393e18398e183a1-e1839be183a3e18396e18394e183a3e1839be18398-e1839ee183a0e18390e183a6e18390e183a8e18398.jpg

პრაღის ზოოპარკი

შარშან, რომ ვინმეს ეკითხა ჟირაფები თუ გინახავსო, ვუპასუხებდი “რა თქმა უნდა, თბილისის ზოოპარკში მაგის მეტი რა არის თქო”, მაგრამ, სამწუხაროდ, თურმე თბილისში ჟირაფები არ გვყავს და მეც არასდროს მინახავს ისინი. მგონი უკვე მიხვდით, რომ მესამე დღის პრაღის ზოოპარკში გატარებას ვაპირებდით. ქალაქის ცენტრიდან მეტროს ხაზ “C”-ს გავყევით Nádraží Holešovice-მდე. მეტროს გამოსასვლელთანვე არის ავტობუსების გაჩერება, საიდანაც 112 ნომერი ავტობუსი პირდაპირ ზოოპარკში მიგიყვანთ. ზოოპარკში შესასვლელი ბილეთი 200 ჩეხური კრონი ღირს, რომელიც დაახლოებით 7-8 ევროა. აქ თითქმის ყველანაირ ცხოველს, ფრინველს და ქვეწარმავალს შეხვდებით. სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ამ ზოოპარკში არ ყავთ პანდებია. სამაგიეროდ, ჰყავთ წითელი პანდა, რომელიც თავის თეთრ ნათესავებთან შედარებით პატარა ზომისაა, მაგრამ საყვარლად გორაობა არც ამას ეშლება. ცხოვრებაში პირველად ვნახე ნამდვილი ჟირაფები 🙂

This slideshow requires JavaScript.

ზოოპარკი ძალიან დიდ ტერიტორიაზე გადაშლილი, ცხოველებსა და ვიზიტორებს შორის ბარიერები კი მხოლოდ მიწა-თხრილები და ხის დაბალი ღობეებია. რა თქმა უნდა, მტაცებელი ცხოველები შედარებით უსაფრთხო გარემოში არიან, მაგრამ ყველა ვოლიერი მაქსიმალურადაა ადაპტირებული რეალურ სამყაროსთან. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ბნელ გამოქვაბულში გავლა იყო, რომელშიც უამრავი ღამურა თავისუფლად დაფრინავს და ნებისმიერ წამს შეიძლება დაგეჯახოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოოპარკში ძალიან ბევრი რამ არის სანახავი, ამიტომ ეცადეთ დილიდანვე იყოთ შესასვლელ კარებთან, რომ ერთი სრული დღის განმავლობაში ყველაფრის დათვალიერება მოასწროთ. მეტი ინფორმაცია კი შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ.

ჩეხური ლუდი სანაპიროზე

e183a9e18394e183aee183a3e183a0e18398-e1839ae183a3e18393e18398-e1839ee183a0e18390e183a6e18390.jpgსაღამოს გასატარებლად ამჯერად მდინარის ნაპირას, Naplavka-ს საფეხმავლო ქუჩაზე წავედით. გზად კიდევ ერთი საინტერესო ადგილის – Dancing Houses-ის ნახვაც მოვასწარით, შემდეგ კი სანაპიროზე ჩავედით, რომელიც გადაჭედილი იყო ჩეხი ახალგაზრდებით, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ნაპირთან მომდგან ბორანებზე ასვლას, რომ იქ მოწყობილ ბარებში თავისუფალი მაგიდა ეპოვათ. ჩვენც ჩავებით ამ ესტაფეტაში და დაახლოებით 10 წუთში გამარჯვებულები დავსხედით თავისუფალ მაგიდასთან. შემდეგი გამოწვევა ლუდის რიგში დგომაა. ბარებში ლუდი დაახლოებით 1-1,5 ევრო ღირს, ზოგ რესტორანში კი ერთი ქილა ლუდი წყალზე იაფიცაა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ეს ჯადოსნური სასმელი დიდი პოპულარობით სარგებლობს და დაუსრულებელ რიგებს ქმნის ბარმენებთან. სახლში გვიან ღამით დავბრუნდით და ენერგიისგან მთლიანად გამოფიტულებს რამდენიმე წუთში ჩაგვეძინა.

მოინახულეთ ძველი პრაღა

მეოთხე დღეს ბევრი გეგმები გვქონდა, ქალაქის ჯერ კიდევ უნახავი ნაწილი უნდა დაგვეთვალიერებინა. ძველი პრაღის ქუჩების გავლით old Jewish Ghetto-თან გავედით, რომელიც ქალაქის რამდენიმე ქუჩას, პატარა პარკს, ძველ შენობებსა და რაც მთავარია რამდენიმე სინაგოგას აერთიანებს. სინაგოგები გამოირჩევიან მათი სპეციფიური არქიტექტურითა და ფერთა საოცარი შეხამებით. გირჩევთ აუცილებლად მოხვდეთ ქალაქის ამ ნაწილში და განიცადოთ ის ემოცია, რაც ამ ქუჩებში ტრიალებს. მანეს ხიდით, რომლის ქვეშაც გედები იყრიან თავს ქალაქის მეორე მხარეს გადავედით, რომ პრაღის ციხე-სიმაგრეზე ავსულიყავით. ეს ტერიტორია რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილს აერთიანებს და მინიმუმ ნახევარი დღე უნდა დაუთმოთ, რომ ყველა მათგანი შემოიაროთ.

This slideshow requires JavaScript.

ციხე-სიმაგირს ტერიტორიაზე შესვლა უფასოა და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული. აქვე სანახავ აუცილებელ ადგილებს მიეკუთვნება

  • Katedrála Sv. Víta, 
  • Starý královský palác, 
  • St. George’s Basilica, 
  • Hradcany Square, 
  • Golden Lane,
  • Gardens below Prague Castle, 
  • Waldstein Palace,
  • Fürstenberg Garden
  • Wallenstein garden.

e18399e183a3e1839ce183abe183a3e1839ae18398-e1839ee183a0e18390e183a6e18390.jpgყველა ეს ადგილი ერთ გორაზეა განლაგებული, ამიტომ ჩვენც ჯერ ყველაზე მაღალ წერილზე ავედით და იქიდან ჩამოვყევით ნელი სირნობით გზას, რომ ყველა ადგილი შემოგვეარა და არაფერი გამოგვეტოვებინა. როდესაც მდინარის ნაპირთან ჩამოვედით, უკვე ძალიან დაღლილები ვიყავით, მხოლოდ დასვენებაზე და საღამოს პრაღასთან გამოსამშვიდობებელ ლუდის დალევაზე ვფიქრობდით, რადგანაც მომდევნო დღეს გეზი ბრატისლავასკენ უნდა აგვეღო.

პ.ს. პრაღაში საკუთარი რეკორდი გავაუმჯობესეთ: ყოველ დღე 30 000 + ნაბიჯი გავიარეთ, ჯამში დაახლოებით 130 000 ნაბიჯი რაც თითქმის 100 კილომეტრია. :O

და ბოლოს, ბონუსად, ჩეხური ეიფელის და იქიდან გადაშლილი ხედის ფოტოები 🙂

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.